
მთავარი » 2011 » მაისი » 23 » შეტევა დაცვის წინააღმდეგ, ანუ დაცვა შეტევის წინააღმდეგ
23:43 შეტევა დაცვის წინააღმდეგ, ანუ დაცვა შეტევის წინააღმდეგ |
ევროპაში უამრავი საფეხბურთო კლუბი შექმნილა, იქმნება და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ და კიდევ შეიქმნება. ზოგს თამაში კარგად გამოსდის, ზოგს ცუდად, ზოგს კი საერთოდაც არ გამოსდის და ფეხბურთის თამაშის ნაცვლად პრეს–კონფერენციებზე საუბარს ამჯობინებს. ამჯერად კი იმათზე ვისაუბროთ, ვისაც ფეხბურთის თამაში შეუძლია. ამ ფეხბურთთამაშშეძლეული გუნდებიდან ზოგიერთს შედარებით კარგად თამაში დაცვაში გამოსდის, ზოგს ნახევარდაცვაში, ხოლო ზოგსაც შეტევაში. თუ ჩვენ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალისტების მიერ ნაჩვენებ შედეგებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ ერთს "ჩემპიონთა ლიგის" ამ სეზონში, თამაში შედარებით კარგად დაცვაში გამოსდის, ხოლო მეორეს კოზირი შეტევაა...
"ჩემპიონთა ლიგის" წლევანდელ სეზონში, პეპ გვარდიოლას შეგირდების ანგარიშზე ჯერჯერობით 27 გოლია. სულ მათ 12 მატჩი აქვთ ჩატარებული და კიდევ ერთს 28 მაისს, "უემბლიზე" გამართავენ. ეს შედეგი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ პეპის ფეხბურთელები ერთ მატჩში საშუალოდ 2.25 გოლს იტანენ. აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ "ბლაუგრანას" ფეხბურთელების მიერ გატანილი 27 გოლიდან 11 ლეო მესის ეკუთვნის, რომელიც შეგვიძლია უკვე ჩემპიონატის ბომბარდირადაც ჩავთვალოთ, რადგანაც "მანჩესტერ იუნაიტედში" არ მოიძებნებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შესწევთ ძალა რა ლეოს გოლების რაოდენობით გაასწრონ.
"ბარსას" შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობით მადრიდული "რეალი" მოდის, რომელიც ჩემპიონატს ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გამოეთიშა, როდესაც კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მათ 2 არც ისე სასიამოვნო საღამო აჩუქეს. მადრიდელთა ანგარიშზე 25 გოლია. აქვე გეტყვით, რომ მანჩესტერელები ერთ მატჩში საშუალოდ 1.5 გოლს იტანენ. ინგლისელებიდან გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ გამორჩეული ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) და რუნი არიან, რომელთა ანგარიშზეც შესაბამისად 4 და 3 გოლია.
მართალია სერ ალექს ფერგიუსონის ფეხბურთელები გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ ვერ "დაიტრაბახებენ", თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მათ ამაყი საკუთარი დაცვისა და მეკარის კარგი თამაშით შეუძლიათ. ინგლისელები ერთ მატჩში საშუალოდ 0.33 გოლს უშვებენ. 12 მატჩში მათ მხოლოდ 4 გოლი გაუშვეს, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ უნდა გახლდეთ. აქვე იმათ გვარებსაც გეტყვით, რომლებიც "წითელი ეშმაკების" კარის დაცვისთვის იბრძვიან. ჰოლანდიელი კიპერის, ვან დერ საარის დაცვას ფაბიო, ფერდინანდი, ვიდიჩი და ევრა უზრუნველყოფენ. ფაბიო მარჯვენა ფლანგის მცველია, რომელიც შეტევებში აქტიურად ერთვება ხოლმე. ფერდინანდი და ვიდიჩი კი ძირითადად ცენტრის გამაგრებით არიან დაკავებული. მათი ფუნქციებს "ბარსაში" პიკე, პუიოლი და ბუსკეტსი ასრულებენ. ევრა კი მაქსველისა და ადრიანოს სტილის ფეხბურთელი გახლავთ.
მოკლედ და კონკრეტულად – "ბარსა" იტანს, ხოლო "მანჩესტერი" არ უშვებს. თუმცა, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს მხოლოდ ციფრებია, ეს მხოლოდ წარსულია და ეს მხოლოდ ტკბილი, თუ არც ისე ტკბილი მოგონებებია. ახლა კი მთავარი აწმყოა. აწმყო და "უახლოესი მომავალი". "უახლოესი მომავალი", რომელსაც მეორენაირად 28 მაისსაც უწოდებენ...
მიმაგრება:  |
კატეგორია: Sports - სპორტი |
ნანახია: 686 |
დაამატა: iakobi
| ტეგები:
| რეიტინგი: 0.0/0 |
 |