თბილისის "დინამოს” მიერ 1981 წელს ევროპის თასების თასის მოგებასთან გასამართ საუბილეო საღამოზე, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უწევს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ბევრი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწის სტუმრობაა მოსალოდნელი. "დინამოს” პრეს-ატაშის გიგა გვენცაძის ცნობით, უკვე თბილისში იმყოფება ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი და თბილისელთა ყოფილი თავკაცი ივო შუშაკი. ხვალ ჩამოვა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინი, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამომ” საქართველოს ჩემპიონის ბოლო ტიტული მოიპოვა.
ლიუბლიანის "ოლიმპიამ”, რომლის რიგებშიც ვლადიმერ ბოისა და გიორგი შერმადინი ირიცხებიან, სლოვენიის ჩემპიონატში მე-7 გამარჯვება იზეიმა და ლიდერ ნოვო მესტოს "კრკას” კვალად მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ლიუბლიანელებმა მშობლიურ "სტოჟიცე არენაზე” "გეოპლინ სლოვანი” მიიღეს და პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ 4 ქულით იგებდნენ, საბოლოოდ კი, მეტოქე 70:45 გაანადგურეს.
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ჩინებულ ფორმაში იმყოფება. ბელგიის ჩემპიონატის წინა ტურში ”პეპინსტერის” წევრმა 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ამჯერად კი ”გენტთან” გასვლით შეხვედრაში ცხრამეტ ქულას 11 მოხსნა წაამატა და ორმაგი დუბლით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ბაქოს დიდი პრიზი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი მედლით ჩაამთავრა. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს, ამირან პაპინაშვილის მიერ მოპოვებულ ოქროს, მეორე-მესამე დღეს ავსტრიელი სპეციალისტის, პიტერ ზაიზენბახერის გუნდის წევრთაგან ვეღარავინ ვერაფერი შემატა. დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში – 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ სამმა ძიუდოისტმა იჭიდავა, მაგრამ საწყის ეტაპს ვერც ერთი ვერ გასცდა.
ქუთაისის "აია” საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის ერთთვიან შესვენებაზე დაუმარცხებელი გავიდა. V ტურში მან, უახლოეს მდევარ თბილისის "ლელოს” ფოთში უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 31:25 დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერობა, მინიმუმ, პირველი წრის ბოლომდე შეინარჩუნა.