მალტის ქალაქ კოტონერაში დღეს დაწყებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ვაჟთა შორის, მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და 2 წონის ფინალში საქართველოს ნაკრების წევრმა იჭიდავა. 55 კილოგრამში, ვანო მამისაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, თამაზ კირაკოზაშვილს (60 კგ) კი, უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა.